03.04.2016

წერილი მომავალში

ძვირფასო ხატია, ახლა 15 წლის ვარ და გადავწყვიტე ჩემი მომავალი „მე“-სთვის მიმეწერა 45 წლის ასაკში. საინტერესოა, და სხვა საკითხია, მივაღწევ თუ არა 45 წელს. თუ შენ ამ წერილს კითხულობ, ძალიან მოხარული ვარ, რადგან, ვფიქრობ, დავიწყებული გექნება  ახლანდელი გატაცებები, ტკივილი და, ზოგადად აქ რასაც დავწერ დიდი ალბათობით არც კი გეხსომება.  მოზარდი რომელიც გამუდმებით სიახლის ძიებაშია, მუდმივად უსმენს მუსიკას, ყოველ საღამოს გამოწერილი აქვს ფილმი, კითხულობს ამჟამად „გრძელფეხება მამილოს“ და ფეისბუკს ვერ სწყდება, აი, ესაა 15 წლის ხატია. ძალიან მაინტერესებს მიაღწიე თუ არა იმას, რაც ასე გულით მინდა ახლა და მეშინია კიდეც, რადგან არ ვიცი, გამომივა თუ არა. მატერიალურ მდგომარეობაზე მეტად მე შენი სულიერი მდგომარეობა მაინტერესებს, ნუთუ, ნანობ რაიმეს, რასაც მომავალში ჩავიდენ, ვფიქრობ, კი, მაგრამ ადამიანები, სწორედ რომ, შეცდომებზე სწავლობენ და თითოეული არასწორი ნაბიჯი სწორი ნაბიჯების საწინდარია.
განა ფიქრობ იმაზე, გიყვარს თუ არა სუნთქვა? მე ვფიქრობ. ზოგჯერ სიცოცხლე მწყურია, ზოგჯერ კი სიკვდილს ვნატრობ. ვფიქრობ, ეს ის ერთ-ერთი თვისება იქნება რომელსაც არ შეცვლიდა დრო. ახლა ჩემი ცხოვრება ისეთი ჩქარი ტემპით მიედინება, რომ სამი კვირა ჩემთვის უძველესი ხანაა, რაც მახალისებს და ცხოვრების ინტერესს დღითიდღე მიმძაფრებს.
  ახლა წარმომიდგენიხარ ხალათში გახვეული, თეთრ დივანზე მოკუნტული,  ღია ფერის თმითა და სათვალეებით, კითხულობ ამ წერილს და გეღიმება, ალბათ ოთახს მოათვალიერებ, დაფიქრდები განვლილ წლებზე და გაგახსენდება ის დრო, რომელმაც კარგა ხანია ჩაიარა.შემდეგ კი ხვდები, რომ არაფერი არ არის ისე შორს, როგორც გასული წუთი.
 არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემი დიდი პრობლემა ამჟამად საზოგადოებაა, არ მინდა, ვცხოვრობდე ისეთ საზოგადოებაში, როგორშიც ვცხოვრობ. მინდა შევცვალო მათი ღირებულებები, არ მინდა ყოველ ნაბიჯში ვხედავდე დაგდებულ ნაგავს, არ მინდა მივსეირნობდე ისეთ პარკში, სადაც ნათურები ჩამტვრეულია, სკამები კი ჩატეხილი, არ მინდა რომ მასწავლებელზე მხოლოდ ქალი ახსენდებოდეთ, ტაქსისტზე კი კაცი, არ მსურს, რომ ძაღლებს კლავდნენ თავშესაფარში, გაშვების ნაცვლად, არ მინდა ცრუ პანდუსების გაკეთება,რომლებიც ბავშვების სასრიალო გახდება. მინდა, რომ ადამიანები ერთად ვზრუნავდეთ ჩვენს გარემოზე და მივიღოთ ის უმცირესობები ისეთები, როგორებიც არიან. ადამიანი ხომ მაშინ ხარ, როდესაც საკვებიდან მიღებულ ენერგიას უფრო მაღალი ხარისხის ენერგიად გარდაქმნი. ეს პრობლემა იმდენად დიდია, რომ, ვფიქრობ, ამის გამოსწორებას მხოლოდ დრო შეძლებს, შენ კი, ჩემო ხატია 45 წლის ხარ და ვფიქრობ, შეგიძლია პასუხი გასცე კითხვას: შეცვლის თუ არა დრო ადამიანის ღირებულებებს?
ლეონარდო და ვინჩის სიტყვები გამახსენდა: ვინც სათნოებას თესავს, ის დიდებას იმკის, ყველანაირად ვცდილობ, გონებისა და ნების მყარ მზადყოფნაში ვიყო, მაგრამ ადამიანი ვარ და რათქმაუნდა ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ-არა. თუ რაიმეს მიაღწიე, ალბათ, ჩემს მცდელობას შედეგი გამოუღია.
ვთვლი, ქარაფშუტა წერს ბრძენს, მაგრამ ამ წერილისგან, დარწმუნებული ვარ, რაღაც დიდს მიიღებ, ამ დიდს რა ვუწოდო, არ ვიცი. ენერგია? შემართება? სინანული? მონატრება? ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთმანეთში აირევა და ერთ დიდ გრძნობას შექმნის, რომელსაც სიტყვით ვერ წარმოსთქვამ. და, აი, თითქმის ჩახვედი წერილის ბოლოში, ფრაგმენტებად აღიდგინე ის მონაკვეთები, როდესაც მე ამ წერილს გიწერდი, როგორი ახალგაზრდა ვარ არა? ახლა ჩემს ადგილას რომ იყო, დარწმუნებული ვარ, რამდენ რამეს გააკეთებდი, ალბათ მოგენატრებოდა მე-8 სართულზე ფეხით ასვლა და მეზობლის კარზე კაკუნი შემდეგ კი უცებ გაქცევა, კიდევ ძმის წვალება, მისი ჩახატვა, კარაოკეების ცეკვა, ქუჩაში ხალხის გაჯავრება და კიდევ ათასი სიულელე, რომელსაც ყოველდღე ჩავდივარ, მაგრამ, მერწმუნე, ყველა ასაკს თავისი ეშხი აქვს, უმჯობესია, გააგრძელო იმ მოგონებების შექმნა, რომელსაც ახლა დიდი სიხარულით იხსენებ, ვიდრე მათზე ილაპარაკო. წარსულს არასოდეს გაეტირო, რადგან შენ წინ მომავალი გაქვს!
                                                                          სიყვარულით ხატია (გოჭების მოყვარული)


Комментариев нет: